სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია გამორჩეულია იმით, რომ მოსწავლეები სარგებლობენ მასტერკლასებით ადგილობრივად და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვარსკვლავი მუსიკუსებისგან, როგორებიც არიან ვალერიან შიუკაშვილი და თამარ ლიჩელი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს აკადემიაში იმ მუსიკოსების ჯგუფია თავშეყრილი, რომლებისთვისაც დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს თითოეული მოსწავლის მენტორობა. მოსწავლეებს, უშუალო ურთიერთობა იმ პროფესიონალებთან, რომლებსაც უმაღლეს დონეზე აჰყავთ სწავლების პროცესი, დიდი პერსპექტივებისკენ უხსნის კარს.
საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის ეგიდით პერიოდულად ჩატარდება მუსიკალური კონკურსები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი მოსწავლეების მიღწევები და გავამდიდროთ მათი გამოცდილება მუსიკის სფეროში.
ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:
• აკადემიაში მიიღება მოსწავლეები I-X კლასის ჩათვლით
• საბუთების მიღება იწარმოებს 1 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტის იუჯი სკოლაში (კოსტავას 77ა)
• საბუთების ჩამონათვალი: დაბადების მოწმობის ასლი; 2 ფოტოსურათი 3x4
• საკონტაქტო ტელეფონი: 555455250; 593381946
ვალერიან შიუკაშვილის შესახებ
ვალერიან შიუკაშვილი ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანია, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო არენაზე გაიტანა. იგი არის ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, საერთაშორისო პროგრამა „ახალი სახელების“ ლაურეატი და სხვა მრავალ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში გამარჯვებული პიანისტი. 1998 წელს მას ისრაელის საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრემია მიენიჭა, 2001 წელს კი რუსეთში ჩატარებულ მარია იუდინასსახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გრან-პრის მფლობელი გახდა. იგი ასევე არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.
ვალერიანმა დაკვრა 12 წლის ასაკში დაიწყო და ექვსი თვის შემდეგ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორკესტრთან ერთად მოცარტის 23-ე კონცერტი დაუკრა, რის შემდეგაც მისმა ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ვალერიან შიუკაშვილი არის მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. მისი სახელი შეტანილია „XXI საუკუნის ვარსკვლავების“ წიგნში.